პოლიმერები მედიცინაში
Main Article Content
ანოტაცია
პოლიმერებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა თანამედროვე მედიცინაში. ჯანდაცვა და ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია მათი ფართო სპექტრის გამოყენების გარეშე. ხშირად, რთულ შემთხვევებში, აუცილებელი ხდება დაზიანებული ორგანოს, ან ქსოვილის სრული შეცვლა. ეს შესაძლებელია, განხორციელდეს ტრანსპლანტაციის, ან იმპლანტაციის საშუალებით. ტრანსპლანტაციის დროს ჩნდება მთელი რიგი პრობლემები. ეს არის: სამეცნიერო, მორალურ-ეთიკური და იურიდიული, ასევე ქსოვილებისა და ორგანოების დეფიციტი, რადგანაც ქსოვილებისა და ორგანოების არსებულ ბანკებს შეუძლია მხოლოდ საერთო მოთხოვნების 10%-ის დაკმაყოფილება, ასევე გადანერგვის შერმთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა უჯრედების თავსებადობა. პოლიმერული მასალების გამოყენება ხსნის ყველა ჩამოთვლილ პრობლემას. მედიცინაში ფართოდ გამოიყენება როგორც კარბოჯაჭვური, ასევე ჰეტეროჯაჭვური აღნაგობის ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეზური პოლიმერები. პოლიმერები და მათ საფუძველზე მიღებული მასალები გამოიყენება აღდგენით ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში, ადამიანის ხელოვნური ორგანოების შესაქმნელად, დაზიანებული ორგანოების პროთეზირებისათვის და ა.შ. დონორის ორგანოებისგან განსხვავებით, პოლიმერებს ახასიათებთ ძალიან დაბალი იმუნოგენურობა, რაც ამცირებს შეუთავსებლობის რისკს და იმუნური სისტემის მიერ მათი მოცილების საფრთხეს. ყველა იმპლანტანტს, მათი გამოყენების სფეროდან გამომდინარე, წაეყენება გარკვეული მოთხოვნები, თუმცა არსებობს მოთხოვნები, რომლებიც საერთოა ყველა იმპლანტანტისთვის. პოლიმერების გამოყენება მკაცრ მოთხოვნებს აწესებს მასალებზე: ისინი უნდა იყოს ბიოლოგიურად ინერტული, შეინარჩუნონ შესაბამისი ფიზიკური და მექანიკური თვისებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ჰქონდეთ უკიდურესად მაღალი სისუფთავე. პოლიმერები გამოიყენება ასევე სამკურნალო საშუალებების „მიზნობრივი მიწოდების სისტემებისთვის“, სადაც ისინი მოქმედებენ როგორც გადამტანები, იცავენ წამლებს ინაქტივაციისგან, უზრუნველყოფენ ეტაპობრივ გამოთავისუფლებას და ა.შ. მიმდინარე კვლევები მიზნად ისახავს ხელოვნური ორგანოების სიცოცხლისუნარია¬ნობის გაზრდას, ფუნქციების უნივერსალიზაციასა და მინიატურიზაციას.