პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია

Main Article Content

იზოლდა ბელთაძე

ანოტაცია

სტატიაში მოცულია პორტუაგლიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიის შესწავლის მცდელობა. საინტერესოა როგორ შეიქმნა ეს კომპანია, როგორი იყო მისი სოციალური შემადგენლობა და კომპანიის წევრად მიღების წესი, რა საქონლით ვაჭრობდნენ, გეოგრაფიულად სად იყო გადაჭიმული სავაჭრო გზები, და ბოლოს, რამ განაპირობა ამ კომპანიის არსებობის წარუმატებლად დასრულება.
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ სავაჭრო გზებმა გადაინაცვლა ატლანტიკის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში. ეკონომიკურად აყვავდა ის სახელმწიფოები, რომელთაც ოკეანეში გასასვლელი ჰქონდათ, სწორედ ამიტომ დაწინაურდა: ბრიტანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, დანია, შვეცია და ჰოლანდია. დაარსდა საპაიო კომპანიები: ბრიტანეთის (1600 წ), ჰოლანდიის (1602 წ), დანიის (1616 წ), პორტუგალიის (1628 წ), საფრანგეთის (1664 წ), ავსტრიის (1717 წ), შვედეთის (1731 წ), რომლებიც ჩაებნენ აღმოსავლეთთან ვაჭრობასა და კოლონიურ ექსპანსიაში.
აღნიშნული კომპანიებიდან ჩვენ შევისწავლეთ ბრიტანეთის, ჰოლანდიის და საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიები. ეხლა კი ვცდილობთ გავარკვიოთ, რა ადგილი ეჭირა პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიას ზემოთ აღნიშნულ, სხვა კომპანიებთან შედარებით.
ირკვევა, რომ პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია განსხვავდებოდა სხვა საპაიო (ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჰოლანდიის) კომპანიებისაგან. 1628 წლის აგვისტოში ფილიპე IV-ის ქარტიით დაამტკიცეს პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია. თავდაპირველად იგი 6 წლის ვადით დაარსდა, შემდეგ შეიძლებოდა კიდევ 6 წლით განახლებულიყო.
პორტუგალიის ოსტ-ინდიოეთის საპაიო კომპანიის პოზიციების შესუსება აღმოსავლეთში განაპირობა ბრიტანეთის და ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიების კონკურენციამ. პორტუგალიაში საქონლის წარმოება და ვაჭრობა არ ვითარდებოდა კაპიტალისტური გზით, როგორც ეს იყო ბრიტანეთში, ამიტომ ბრიტანეთის ხელში მოექცა აღმოსავლეთის ქვეყნების იმპორტი და ექსპორტიც. კომპანია დამოკიდებელი იყო სამეფო ხელისუფლებაზე საქონლისა და მგზავრების ტრანსპორტირების საკითხში, საკადრო ცვლილებებში. კომპანია დამოუკიდებლად ვერ წყვეტდა საკითხებს. სახელმწიფო მოხელეები და კერძო პირები საკმარისად არ იყვნენ დაინტერესებული ვაჭრობის გაფართოებით და კოლონიური ექსპანსიით. როგორც აღვნიშნეთ, კომპანიის ძირითადი დამფინანსებელი იყო სამეფო ხელისუფლება და ამიტომაც კომპანია მთლიანად დამოკიდებული იყო მასზე. პაის შეტანის ოდენობის, საპაიო კომპანიის წევრად მიღების დიფერენციაცია დააწესეს კომპანიაში, თანხის შეტანის წახალისების და კომპანიის გაფართოების მიზნით. ასევე ნებისმიერ უცხოელ ვაჭარს პორტუგალიის საპაიო კომპანიის წევრად თავისუფლად იღებდნენ, მაგრამ ყოველივე ეს, საბოლოოდ არ ქმნიდა ამინდს პორტუგალიის საპაიო კომპანიის წარმატებისა. კომპანიაში არ იცავდნენ სავაჭრო წესებს, ადგილობრივების მიმართ ეწეოდნენ ძალმომრეობას და რელიგიურ დევნას, რაც იწვევდა მათ მიმართ სიძულვილს და უკარგავდა სახელს კომპანიას. პორტუგალიის საპაიო კომპანიამ მიიღო მყისიერი მოგება და ვერ იქცა მუდმივი შემოსავლის წყაროდ, როგორც ბრიტანეთის და ჰოლანდიის და საფრანგეთის საპაიო კომპანიები.
ამრიგად, მართალია ამ კომპანიამ ხანმოკლე დროით იარსება (1628-1650 წწ) და აღმოსავლეთის ბაზრებიდან გამოძევებულ იქნა ისეთი გავლენიანი და მდიდარი კომპანიების მიერ, როგორიც იყო ბრიტანეთის და ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიები, მაგრამ აღნიშნულმა კომპანიამ მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პორტუგლიაში საზღვაო ფლოტის განვითარებაში, აღმოსავლეთის საქონლის: ოქროს, ვერცხლის, აბრეშუმის, ბამბის, ფაიფურის და სანელებლების დიდი რაოდენობით შემოდინებასა და აღმოსავლეთის ქვეყნების კოლონიურ ექსპანსიაში.

საკვანძო სიტყვები:
კომპანია, კრუზადო, მილერისი, საპაიო, ტრაქტატი, ქარტია
გამოქვეყნებული: დეკ 19, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
საქართველოს ისტორია, ისტორია
ავტორის ბიოგრაფია

იზოლდა ბელთაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
E-mail: beltadzeizolda@gmail.com