მოძმეობის ინსტიტუტი კავკასიის მთიელებში
Main Article Content
ანოტაცია
კავკასიელ მთიელებში ძმადნაფიცობის ჩვეულების დროს არასისხლითი მონათესავე გვარის ორი წარმომადგენელი ერთმანეთს უკავშირდებოდა. უმეტესად ძმადნაფიცობის ჩვეულება მამაკაცებს შორის ხდებოდა. ქართველ მთიელებში და, ასევე, კავკასიელი მთიელების ყოფაში მოძმეობის ინსტიტუტის სხვადასხვაგვარი წესები იყო დადგენილი. სხვადასხვა ეროვნებებს შორის მოლაპარაკებების შედეგად ხდებოდა ფიცის დადება და ერთმანეთის წესის გაზიარება. ფიცის გამტეხი მოღალატედ ცხადდებოდა და იგი ჩვეულებითი სამართლის წესით სამართლდებოდა.
ეს წესი გავრცელებული იყო ქართველ მთიელებში - მთიულებში, ხევსურებში, ფშავლებში, თუშებში; არაქართველ მთიელებში - ქისტებში, ოსებში, ხუნძებში, ანდებში, დარგუელებში, ყაბარდოელებში, ყუმიკებში და სხვ. სხვადასხვა ეთნიკურ წარმომადგენლებს შორის მოძმეობის სოციალური ინსტიტუტის ჩვეულების მიზანი მეზობელ ხალხებს შორის კავშირის დამყარება და უცხო გარეშე მტრისგან ერთმანეთის დაცვა იყო.
სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში ძმობილობის სხვადასხვა წესი არსებობდა - ე.წ. „ფიც-ვერცხლის ჭამის“, „გაჭრილი თითებიდან გამონადენი სისხლის სასმელიან ჭიქაში შერევის“, ზოგჯერ ხის ჯოხებზე ერთნაირი კვეთის და შემდეგ ეკლესიის ეზოში, გალავანთან დამარხვის წესი.
ძმადნაფიცობა მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებდა: მეზობელ ხალხებს ერთმანეთთან აახლოებდა, რომლებიც ეკონომიკურად და ფიზიკურადაც ეხმარებოდნენ და მტერთან ბრძოლაში ერთმანეთს იცავდნენ.
ნაშრომი ეყრდნობა საკუთარი საველე ეთნოგრაფიულ მასალებს და ლიტერატურულ წყაროებს.