თანამედროვე ომის „მთავარი იარაღი“. XXI საუკუნის გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე „მთავარი იარაღის“ სწორად განსაზღვრის აქტუალობა, როგორც ომისა და ომის წარმოების გამოწვევებთან გამკლავების გასაღები. შინაარსობრივად „მთავარი იარაღი“ აღქმულია არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიური წინსვლის შედეგი, არამედ როგორც სამხედრო თეორია შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებით, დოქტრინული განვითარებითა და სამხედრო ძალებში ორგანიზაციული ცვლილებების დანერგვით. ხაზგასმულია I და II მსოფლიო ომების პერიოდში დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლებიც დაკავშირებული იყო „მთავარი იარაღის“ სწორად განსაზღვრასთან. ნაშრომში განხილული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა ჰქონდა ტექნოლოგიური წინსვლის საშუალებებს ომის წარმოებაზე და რა შეცდომები დაუშვეს, რაც გამოწვეული იყო სამხედრო საქმეში გატარებული არასრულფასოვანი რევოლუციური მეთოდებით.
სტატიაში მნიშვნელოვან გამოწვევად არსებულ რეალობასთან მორგებული ხედვის კრიზისია დასახელებული, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლა უნდა აღვიქვათ ადეკვატურად და ამისათვის შევქმნათ შესაბამისი დოქტრინული ბაზა და შევიტანოთ აუცილებელი ორგანიზაციული ცვლილებები ჩვენი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, რათა ტექნოლოგიური წინსვლის შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული.
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო განზომილებებში გავრცელებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები, უპილოტოდ მართვადი სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო პლატფორმები წარმოადგენს მომავლის ომის „მთავარ იარაღს“. ეს ის უახლესი ტექნოლოგიური საშუალებებია, რომლებიც ომის წარმოების პირობებს მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალში.
ასევე სამხედრო ლიდერებმა უნდა შეძლონ თანამედროვე ომის „მთავარი იარაღის“ სწორად განსაზღვრა და გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში, რა თქმა უნდა, შესაბამისი დოქტრინების, ძალთა სტრუქტურისა და ტაქტიკის თანამედროვე პირობებზე მორგებით.