„აფხაზეთის ეკლესია“ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის არჩევანში და ანტიოქიის ეკლესია (ავტოკეფალიის თუ ავტონომიის საკითხი)

Main Article Content

ქეთევან პავლიაშილი

ანოტაცია

1. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე „სადავო ეკლესიების“ საკითხმა უაღრესად აქტუალური ხასიათი შეიძინა და მართლმადიდებლურ სამყაროში ეკლესიათაშორის ურთიერთობას დაძაბულობა შეჰმატა; აშკარად გამოიკვეთა სქიზმის საშიშროება, რაც განპირობებულია საეკლესიო საზღვრების ხელახალი გადანაწილებით.


2. საბჭოთა იმპერიის დაშლას მოჰყვა ერთა თვითგამორკვევის პროცესში გაღვივებული სეპარატიზმი და საეკლესიო საზღვრების ხელახალი გადანაწილების ამბიცია, რაც გამოვლინდა ცალკეული ეპარქიების ავტოკეფალიის მოპოვების სურვილსა და ამ მიმართულებით მეცადინეობაში. საქართველოს მაგალითზე, აღნიშნულმა თავი იჩინა სოხუმისა და ცხინვალის ეპარქიებში.


3. აფხაზეთის სამღვდელოებაში ჩამოყალიბდა საეკლესიო დამოუკიდებლობის ურთიერთგანსხვავებული ფორმის მოთხოვნა: პრობერძნული დაჯგუფება (არქიმანდრიტი დოროთე დბარი) ითხოვს საეკლესიო ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლის პატრიარქისაგან და სხვა გზას არაკანონიკურად მიიჩნევს, ხოლო „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ (არქიმანდრიტი ბესარიონ აპლია) ითხოვს ავტონომიის სტატუსს მოსკოვის საპატრიარქოსგან. ავტონომიის სტატუსი, აპლიას აზრით, საფუძველი გახდება მომავალი ავტოკეფალიისათვის, ე.ი.ფაქტობრივად ითხოვს სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის ავტონომიური უფლებით რუსეთის ეკლესიაზე დაქვემდებარებას.


4. აფხაზეთის ეკლესიაზე მოპოვებული „უფლების“ შენარჩუნებისათვის მოსკოვის საპატრიარქომ მთელი ძალისხმევა წარმართა მართლმადიდებლურ სამყაროში ისეთი ეკლესიის ძიებისაკენ, რომელიც დაეხმარებოდა აფხაზეთის ეკლესიის პრობლემის მოგვარებაში, ანუ აღიარებდა მის თვითმოწესეობას საეკლესიო წყაროების გათვალისწინებით და ისტორიული გამოცდილებით. ასეთ ეკლესიად მოსკოვის საპატრიარქომ ანტიოქიის ეკლესია შეარჩია.


5. საქართველოს საპატრიარქო მუდმივად მეთვალყურეობს მართლმადიდებელ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მართლმადიდებელი ეკლესიების აფხაზეთის საკითხისადმი მიდგომას. ამ მიმართულებით განვითარებულ მოვლენასა თუ ფაქტს საქართველოს ეკლესია დიდი სიფრთხილით ეკიდება. საქართველოს ეკლესიისათვის ნათელია, რომ აღნიშნული შეხვედრა მართლმადიდებლური სამყაროსათვის რთულ პერიოდში შედგა, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობამ სათავე დაუდო საეკლესიო განხეთქილებას;მართლმადიდებლური სამყარო პირობითად გაიყო ორ - რუსულ და ბერძნულ ბანაკებად. ანტიოქიის ეკლესია აღმოჩნდა ე.წ. რუსულ ბანაკში,ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი ანტიოქიისა და აფხაზეთის პრეზიდენტების შეხვედრას ნეგატიურ შეფასებას აძლევს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი უნდა გაწყვიტოს; საჯარო განცხადებებით დაგმოს ანტიოქიის საპატრიარქოს შეჭრის მცდელობები საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში: მსოფლიო პატრიარქისა და სხვა პატრიარქებისადმი საგანგებო მიმართვებში ანტიოქიის საპატრიარქოს არამეგობრულ და უღირს ქმედებებზე მიუთითოს.

საკვანძო სიტყვები:
Orthodox, Ecclesiastical Hierarchy, Schism, Autocephaly
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
პავლიაშილი ქ. . (2021). „აფხაზეთის ეკლესია“ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის არჩევანში და ანტიოქიის ეკლესია (ავტოკეფალიის თუ ავტონომიის საკითხი). ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 17–24. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5175
გამოცემა
სექცია
რელიგიათმცოდნეობა
ავტორის ბიოგრაფია

ქეთევან პავლიაშილი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის რელგიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

თსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

ელ.ფოსტა : ketevan.pavliashvili@yahoo.com