ევროპული მასკარონები დადიანების სასახლეში
Main Article Content
ანოტაცია
მასკარონები, ადამიანის სახის ან ცხოველის თავის გამოსახულებიანი, უკანა მხრიდან ჩამოჭრილი და ბრტყელფუძეზე მიდგმული სკულპტურული მოსართავებია.
მასკარონების ერთი ჯგუფი აერთიანებს ზღაპრულ-ფანტასტიკურ არსებებს - გრიფონებსა და მათ მსგავს გამოსახულებებს. უდიდესი ნაწილი ლომების, ლეოპარდების, ძაღლების, კატების, არწივებისა და სხვათა რეალისტური გამოსახულებებია, მაგრამ ასევე დიდი რაოდენობითაა ბერძნულრომაული მითოლოგიის პერსონაჟების სახეები, ასე მაგალითად: დიონისე, ღვინისა და ვენახის კულტურის გამავრცელებელი ღვთაება, რომელსაც თავი დამშვენებული აქვს ვაზის გვირგვინითა და ფიჭვის გირჩით.
არქიტექტურაში მასკარონი მე-17 საუკუნეში იტალიაში გაჩნდა, შემდგომ ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. თავდაპირველად ავი სულების შესაშინებლად იქმნებოდა, თუმცა ესთეტიკური სილამაზე და ვიზუალური დიდებულება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ბაროკოსა და რენესანსული სტილის ავეჯი დამშვენებულია მასკარონებითა და გრიფონებით. მიუხედავად იმისა, რომ იმჟამინდელი არქიტექტურის შესაბამისად ავეჯი მძიმეა და მონუმენტური, მასზე გამოსახული მასკარონები ამ სიმძიმეს ატარებენ და მონუმენტურობით გამოირჩევიან.
ცნობილია, რომ სამეგრელოს სამთავროს მმართველ დადიანებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა და ნათესაობა აკავშირებდათ საფრანგეთთან. ევროპული სტილი განუყოფელი ნაწილი იყო დადიანების სასახლის ცხოვრებისა, ამიტომაც ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი და მისი შვილები ევროპულ განათლებას ზიარებულნი, ამ გავლენით აწყობდნენ თავიანთ საცხოვრისს; ავეჯს სპეციალურად უკვეთავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი). სალომე დადიან-მიურატს მემკვიდრეობითაც ერგო ნაპოლეონ ბონაპარტის ავეჯის ნაწილი, მათ შორის სეკრეტერები, რომლებიც დამშვენებულია ბავშვთა და ქალთა სახეებით. აქვეა არა ერთი სავარძელი და სკამი დამშვენებული ლომების, მიწიერი მბრძანებლობის გამომხატველი იდეალების ფიგურებით; ტუმბოები და კარადები დატვირთულია, როგორც ქალთა, მამაკაცთა, ახალგაზრდების, ბავშვების სახეებით, ისე ზღაპრულ-მითიური პერსონაჟებით, გრიფონებით, ხარკაცების, სატირებისა და სხვათა სახეებით.