პერსონალური პასუხისმგებლობა როგორც გამოწვევა COVID-19 პანდემიის დროს
Main Article Content
ანოტაცია
კორონაკრიზისი შეეხო საზოგადოებრიივი ცხოვრების ყველა სფეროს. მან დაგვანახვა, რომ არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. სტატიაში, სოციალური პასუხისმგებლობის თეორიის ჭრილში, განხილულია პერსონალური პასუხისმგებლობის როლი ახალი კორონავირუსის პანდემიის შეკავება/პრევენციის საქმეში. საქართველოში ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ეფუძნება სოციალური დისტანცირების გამოცდილებას. დეზინფორმაციული ნაკადის ფონზე, მოსახლეობამ სწორად ვერ გაიაზრა პანდემიით გამოწვეული რისკები. ამიტომ, პანდემიის პირველი ტალღის დაძლევის შემდეგ, 2020 წლის ზაფხულში, ხელისუფლების მიერ შეზღუდვების შერბილებისას, საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად აეღო სოციალური პასუხისმგებლობა ინფექციის შეკავებაზე, რასაც მოყვა პანდემიის ახალი ტალღა უფრო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით.
საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა, როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. მან განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა, ის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც წლებია გადაწყვეტას ითხოვს. სუსტი ეკონომიკა, სუსტი ჯანდაცვის სისტემა, განათლების სფეროში არსებული ხარვეზები, დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა დღევანდელობის მთავარ გამოწვევად იქცა. ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდა საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით და ეფუძნებოდა ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობის ანალიზს.
ჯერ კიდევ არაა განსაზღვრული, თუ როდის დასრულდება მოსახლეობის სრული ვაქცინაციის პროცესი. ასეთ პირობებში ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა გამოიწვევს საფინანსო ეკონომიკური სისტემის სრულ მოშლას, რაც დაუშვებელია. ამიტომ უნდა გავაძლიეროთ სოციალური ძალისხმევა, თვითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აიღოს სოციალური დისტანციისა და რეკომენდაციით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების დაცვის მორალური პასუხისმგებლობა.
პოსტპანდემიურ პერიოდში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ჰუმანიტარული დღის წესრიგის წინ წამოწევას. ახალგაზრდებში ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური პასუხისმგებლობისა და სოციალური სოლიდარობის შეგნების ამაღლებას; შევინარჩუნოთ ის წესები, რომლებიც ამჟამად ყალიბდება, მათ შორის, რესპირატორული ჰიგიენა. ამ ახალი ნორმების დამკვიდრებას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, ხელი უნდა შეუწყონ სხვა სოციალურმა ინსტიტუტებმაც.