კორონავირუსი და მსოფლიოს ეკონომიკა

Main Article Content

თეიმურაზ შენგელია

ანოტაცია

დედამიწაზე არსებობს 800 ათასამდე ვირუსი, რომლებიც კაცობრიობისთვის წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს, რადგან ანგრევს ადამიანების იმუნურ სისტემას. ბოლო 40 წლის განმავლობაში დაახლოებით სამოცდაათმა საშიშმა ვირუსმა მიაღწია ადამიანის ორგანიზმს, ანუ პოტენციური საფრთხე საკმაოდ დიდია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს კორონავირუსის ეპიდემია გამოაცხადა პანდემიად, რამაც საგონებელში ჩააგდო ცნობილი ეკონომისტები. კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების პროგნოზირება მნიშვნელოვანია მთლიანად მსოფლიოსა და საქართველოსთვის. რაც უფრო ზუსტი იქნება ეს პროგნოზი, მით უფრო სწრაფად შეძლებენ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები პოსტვირუსული კრიზისიდან გამოსვლას. ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვლის დასაწყისში მეცნიერები თავიანთ პროგნოზს აგებდნენ SARS-CoV ვირუსის მოდელის მიხედვით. დღეს უკვე ცხადია, რომ ეკონომიკური განვითარების ეს მოდელი ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა.


კორონავირუსის ეფექტები ხასიათდება სხვადასხვა შოკით, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ სისტემაზე: მცირდება საერთაშორისო ვაჭრობა; იზღუდება შრომის ბაზარი; საფუძველი ერყევა სახელმწიფო ფინანსებსა და ფულად სისტემას; იცვლება ადამიანების ქცევა, რაც ზემოქმედებს მოხმარების სტრუქტურაზე.


გლობალურ ეკონომიკაში კორონავირუსის გავრცელებაზე დაფუძნებული პროგნოზული სცენარები აჩვენებს, რომ მსოფლიოში მოხდება რეცესია - ანუ გლობალური ეკონომიკა არ გაიზრდება მინიმუმ 2022 წლის ბოლომდე. ეკონომიკაში მნიშვნელოვნად შემცირდება მოთხოვნა, რასაც დაემატება ცალკეულ ქვეყნებში საფონდო, სანედლეულო და საინვესტიციო ბირჟების კრიზისი. მსოფლიო ეკონომიკის წლიური ზრდა არ აღემატება - 1-1,5%-ს. გლობალური ეკონომიკის ზარალი მხოლოდ 2021 წელს 2008-2009 წლის დიდი რეცესიის ტოლფასია.


საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ზეგავლენის შედეგად შემცირდა იმპორტი ჩინეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეკონომიკის დაპაუზების გამო მნიშვნელოვნად შემცირდება ექსპორტის მაჩვენებელი, მიმდინარეობს სამუშაო ძალის რეპატრიაცია, რაც ზრდის უმუშევრობას, შემცირდება ფულადი გზავნილები, კორონავირუსი მძიმედ აისახება უცხოურ ინვესტიციებზე, რადგან ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში ინვესტორები ცდილობენ შეზღუდონ ეკონომიკური აქტივობა არასტაბილური ეკონომიკური დინამიკის მქონე ქვეყნებში, რაც იწვევს ლარის კურსის შემდგომ ვარდნას. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები ქვეყანაში მცირდება, უმუშევრობის დონე მიაღწევს პიკს, სახელმწიფო ბიუჯეტს ელოდება დევალვაცია, კატასტროფულად გაიზარდა ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი, რაც საბოლოოდ აისახება ეკონომიკის დაცემასა და მის კრიზისში. საქართველოს ეკონომიკაში პოსტკორონავირუსის შედეგების დაძლევას სულ მცირე 3-4 წელი დასჭირდება.


ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსისა თუ სხვა კრიზისული სიტუაციებისათვის არ გააჩნდა მწყობრად გაწერილი ანტიკრიზისული გეგმა. ხელისუფლებისათვის უცხოა რისკმენეჯმენტი, ანტიკრიზისული გეგმა იწერება ვირუსების, მიწისძვრის, წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი და არაბუნებრივი კატაკლიზმებისათვის ამ კრიზისული სიტუაციების დადგომამდე და არა პოსტფაკტუმ.

საკვანძო სიტყვები:
Coronavirus, economy, post-virus crisis, scenarios, resuscitation of economy
გამოქვეყნებული: Nov 21, 2021

Article Details

როგორ უნდა ციტირება
შენგელია თ. (2021). კორონავირუსი და მსოფლიოს ეკონომიკა . ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, 21, 150–157. Retrieved from https://proceedings.taas.ge/index.php/taas/article/view/5443
გამოცემა
სექცია
ეკონომიკა
ავტორის ბიოგრაფია

თეიმურაზ შენგელია, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ელ.ფოსტა: shengelia.temur@gmail.com