თაობათა გრადაცია
Main Article Content
ანოტაცია
დიდი ხანია „მამათა და შვილთა“ პრობლემა არსებობს მსოფლიოში და, შესაბამისად, თაობათა ურთიერთობის საკითხის აღძვრა საზოგადოებაში რეგულარულად დგება. მსოფლიოში თაობათა შორის მზარდი განხეთქილება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. თაობა ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დროის ერთ მონაკვეთში და ერთნაირ გარემოპირობებში მოუწიათ თანაარსებობა. არსებითად იცვლება ის გარემო, რომელშიც იზრდებიან და ყალიბდებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მათ განწყობაზე: იცვლება აზროვნება, ცხოვრების წესი, ადამიანთა დამოკიდებულება შრომასა და დასვენების მიმართ, თითოეულ მათგანს თავისი მისია და დანიშნულება აქვს. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზია ის, რომ დროთა განმავლობაში იცვლება დამოკიდებულება ღირებულებებისადმი, კერძოდ, ოჯახის, კარიერის, წარმატების, მატერიალური კეთილდღეობის, თავისუფლების მიმართ. გარკვეული ასაკის ადამიანთა ჯგუფი იზიარებს რწმენის, ურთიერთობის, ღირებულებებისა და ქცევის მოდელებს, რამდენადაც ისინი გაიზარდნენ ერთსა და იმავე ისტორიულ პირობებში და მათ აერთიანებს გარკვეული ფუნდამენტური თავისებურებები. თაობებში ღირებულებათა ჩამოყალიბებას განაპირობებს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე გიგანტური და მნიშვნელოვანი მოვლენები, მედიასაშუალებების ზეგავლენა, საზოგადოებაში მიღებული აღზრდის სისტემები, ომები და ა.შ.