ღვინო და ჯანმრთელობა
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ღვინის კომპონენტების გავლენა ჯანმრთელობაზე. ღვინო უკვე 8000 წელია ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ღვინო გამოირჩევა საუკეთესო სამკურნალო თვისებებით. ყურძნის წვენი ალკოჰოლური ფერმენტაციის შედეგად გარდაიქმნება ღვინოდ. ფერმენტაცია ბუნებრივი პროცესია და ამ დროს მიმდინარეობს რთული ქიმიური რეაქციები. ღვინო მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური მაღალი ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ფენოლური ნაერთებით. მასში შემავალ ანტიოქსიდანტებს – ფლავანოიდებსა და სტილბენებს, განსაკუთრებით რესვერატროლს, შეუძლია შეაჩეროს პეროქსიდული ჟანგვის პროცესები და ამით ხელი შეუშალოს ცოცხალ ორგანიზმებში თავისუფალი რადიკალების დამანგრეველ ზემოქმედებას, უჯრედების ნაადრევ დაბერებას. ეს ნაერთები განსაკუთრებით ეფექტურია გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა სამკურნალოდ. ორგანიზმში მიმდინარე პათოგენური პროცესების შედეგად შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია, რაც აზიანებს ცილებს, ლიპიდებს, ნუკლეინის მჟავებს და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სხვადასხვა ალერგიები, ალცეიმერის დაავადება, ათეროსკლეროზი, ართრიტები, სიმსივნე, ღვიძლის ცეროზი და სხვა. დადგენილია, რომ 60-მდე დაავადება განპირობებულია თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით. ყურძნის ფენოლური ნაერთები განაპირობებს ღვინის სამკურნალო-კვებით ღირებულებას. ღვინო შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ფენოლურ ნაერთებს ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს. ფენოლური ანტიოქსიდანტებით განსაკუთრებით მდიდარია ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული კახური და იმერული ტიპის წითელი ღვინოები, რომლებიც მზადდება დურდოს ალკოჰოლური დუღილით. ლიტერატურული წყაროებიდან ცნობილია, რომ წითელი ღვინო შეიცავს 400-ზე მეტ სამკურნალო ნივთიერებას. ამრიგად, მნიშვნელოვანი ამოცანაა ღვინის ანტიოქსიდანტური აქტივობის განსაზღვრა, ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად მეცნიერული საფუძვლების ძიება.