რომანტიზმის ბუნებისათვის…
Main Article Content
ანოტაცია
რომანტიზმმა ახალი დატვირთვა შესძინა ლიტერატურას, იგი გახდა სამყაროს მხატვრული ათვისების ფორმა, რომლის ცენტრშიც იდგა ადამიანი.
რომანტიკოსთა პოეზიის საუკეთესო გამოვლინებაა ლორდ ბაირონის პოეზია. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მსოფლიო სევდა, ბაირონი თავისი ცხოვრების წესითა და მხატვრული ნააზრევით ყოველთვის ახლისა და პროგრესულისაკენ მიილტვოდა.
აღსანიშნავია, რომ „ბაირონის პოეზია ევროპულ სივრცეში იქცა ერთგვარ ეტალონად, რომელსაც ადარებდნენ მისი დროის ყველა გამორჩეულ რომანტიკოსს და განსაზღვრავდნენ მათი შემოქმედების ხარისხს“ (ვარდოშვილი).
მიუხედავად იმისა, რომ ბარათაშვილი უაღრესად ნაციონალური პოეტია, მისი ლირიკული სამყარო ეხმიანება ზოგადსაკაცობრიო აზრებს. ესაა უპირველეს ყოვლისა, ადამიანის დანიშნულების საკითხი საზოგადოებაში, რაც რომანტიზმაა შემოიტანა ლიტერატურაში.
მატერიალისტური მსოფლგაგება, რევოლუციური სულისკვეთება, მართლის თქმის პრინციპი, პროტესტი არსებული სინამდვილისადმი უდევს საფუძვლად ჰაინრიხ ჰაინეს როგორც თეორიულ ნააზრევს, ისე მის მხატვრულ შემოქმედებას.
მიცკევიჩის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ფორმა თავისუფლებისმოყვარე ლირიკაა, სადაც აისახა მისი რევოლუციურ-პატრიოტული განწყობილიბები.
რომანტიზმმა ბრძოლა გამოუცხადა ყოველივე ძველსა და დრომოჭმულს და ახალი იდეები დაამკვიდრა ადამიანის ცნობიერებასა და საზოგადოებაში. მან სამყაროს ცენტრში დააყენა ადამიანი თავისი განცდებით, შინაგანი სამყაროთი და ამით ბრძოლა გამოუცხადა კლასიცისტურ ლიტერატურასა და მის ნორმებს.