მზითევი და მეგრული ხალხური წყობილსიტყვაობა
Main Article Content
ანოტაცია
ხალხური სიტყვიერება ერის სუნთქვის, მისი ძირძველობის უშრეტი წყაროა. მასში თავმოყრილია ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც ეროვნული განცდითაა ნასაზრდოები.
ქორწინების ინსტიტუტის ფოლკლორულ ასპექტში შესწავლისათვის მნიშვნელოვანია მზითევი, რომელიც საქორწილო წეს-ჩვეულების მთლიანი ჯაჭვის ერთი რგოლთაგანია, რომლის მომზადება ქალის მშობლების მოვალეობას შეადგენდა და რომელიც იცვლებოდა საზოგადოებრივ-ეკონომიკური და კულტურული დონის განვითარების პარალელურად. ხალხურმა პოეტურმა ფოლკლორმა უამრავი ტექსტუალური მასალა შემოგვინახა, რომელიც ნათლად ადასტურებს ამა თუ იმ ეპოქის ტრადიციას. ცნობილია, რომ წეს-ჩვეულება ირეკლავს საუკუნეთა სუნთქვას. კაცობრიობის განვითარების ისტორიის პერიოდში იყო დრო, როდესაც საქორწინო კავშირის დამყარებისათვის სავალდებულო ერთ-ერთ ძირითად წინაპირობად წყვილთა პირადი ღირსებები, გვარ-ჩამომავლობა იყო მიჩნეული. საუკუნეების ცვალებადობას ახასიათებს სულიერი თუ მატერიალური ღირებულებების გადაფასება.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მატერიალურმა დაინტერესებამ წინა პლანზე მზითვის ინსტიტუტი წამოწია. ამ მხრივ დაინტერესებული იყვნენ როგორც ქალის, ასევე ვაჟის მშობლები. საყურადღებოა, რომ ამ საკითხს მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს. უდაოა, რომ ისტორიის საკუთრება გახდა ის დრო, როდესაც პატარძლისთვის „მზითვის სია“ პირველი ქვაკუთხედი იყო მომავალი ბედნიერებისათვის. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების ქურაში იწრთობა ქორწინების წინაპირობათა არსი. მზითვი, ე.ი. ვაჟის მატერიალური დაინტერესება უკან პლანზე გადადის. მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სიყვარული. ახალგაზრდები თავიანთი გრძნობით, შინაგანი სამყაროს კარნახით ქმნიან ოჯახებს. მშობლები უკვე ვეღარ ასრულებენ გადამწყვეტ როლს ქალ-ვაჟის შეუღლებაში, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. თაობათა ეს ბრძოლა თავისებურ ასახვას პოულობს ფოლკლორულ ნიმუშებში.
ჩვენი მიზანია საველე მუშაობის შედეგად შეკრებილი მეგრული ხალხური პოეტური ტექსტებით წარმოვაჩინოთ მზითვისადმი დამოკიდებულება და ის ცვლილებები, რომელიც საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ თუ როგორ იცვლებოდა მზითვის როლი და მნიშვნელობა დროსა და სივრცეში.