ათონის „ივირონი“-რუსულ-ბერძნული ეკლესიების კონფლიქტის ობიექტი და ქართველთა ბრძოლა „ივირონის“ შენარჩუნებისათვის (XIX ს)
Main Article Content
ანოტაცია
უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, „სადაო ეკლესიების“ საკითხმა უაღრესად აქტუალური ხასიათი შეიძინა და მართლმადიდებლურ სამყაროში ეკლესიათშორის ურთიერთობას დაძაბულობა შემატა; აშკარად გამოიკვეთა სქიზმის საშიშროება, რაც განპირობებულია საეკლესიო საზღვრების ხელახალი გადანაწილებით.
საბჭოთა იმპერიის დაშლას მოჰყვა ერთა თვითგამორკვევის პროცესში გაღვივებული სეპარატიზმი და საეკლესიო საზღვრების ხელახალი გადანაწილების ამბიცია, რაც გამოვლინდა ცალკეული ეპარქიების ავტოკეფალიის მოპოვების სურვილსა და ამ მიმართულებით მეცადინეობაში. საქართველოს მაგალითზე, აღნიშნულმა თავი იჩინა სოხუმისა და ცხინვალის ეპარქიებში.
აფხაზეთის სამღვდელოებაში ჩამოყალიბდა საეკლესიო დამოუკიდებლობის ურთიერთგანსხვავებული ფორმის მოთხოვნა: პრობერძნული დაჯგუფება (არქიმანდრიტი დოროთე დბარი) ითხოვს საეკლესიო ავტოკეფალიას კონსტანტინოპოლის პატრიარქისაგან და სხვა გზას არაკანონიკურად მიიჩნევს, ხოლო „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ (არქიმანდრიტი ბესარიონ აპლია) ითხოვდა ავტონომიის სტატუსს მოსკოვის საპატრიარქოსგან. ავტონომიის სტატუსი აპლიას აზრით საფუძველი გახდება მომავალი ავტოკეფალიისათვის, ე.ი. ფაქტობრივად ითხოვს სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის ავტონომიური უფლებით რუსეთის ეკლესიაზე დაქვემდებარებას.
აფხაზეთის ეკლესიაზე მოპოვებული „უფლების“ შენარჩუნებისათვის, მოსკოვის საპატრიარქომ მთელი ძალისხმევა წარმართა მართლმადიდებლურ სამყაროში ისეთი ეკლესიის ძიებისაკენ, რომელიც დაეხმარებოდა აფხაზეთის ეკლესიის პრობლემის მოგვარებაში, ანუ აღიარებდა მის თვითმოწესეობას საეკლესიო წყაროების გათვალისწინებით და ისტორიული გამოცდილებით. ასეთ ეკლესიად მოსკოვის საპატრიარქომ ანტიოქიის ეკლესია შეარჩია.
საქართველოს საპატრიარქო მუდმივ მეთვალყურეობაშია მართლმადიდებელ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, მართლმადიდებელი ეკლესიების აფხაზეთის საკითხთან მიდგომაზე. ამ მიმართულებით განვითარებულ მოვლენასა თუ ფაქტს საქართველოს ეკლესია დიდი სიფრთხილით ეკიდება. საქართველოს ეკლესიისათვის ნათელია, რომ აღნიშნული შეხვედრა მართლმადიდებლური სამყაროსათვის რთულ პერიოდში მოხდა, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობამ, სათავე დაუდო საეკლესიო განხეთქილებას; მართლმადიდებლური სამყარო პირობითად გაიყო ორ-რუსულ და ბერძნულ ბანაკებად. ანტიოქიის ეკლესია აღმოჩნდა ე.წ. რუსულ ბანაკში, ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი ანტიოქიისა და აფხაზეთის პრეზიდენტის შეხვედრას ნეგატიურ შეფასებას აძლევს და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი უნდა გაწყვიტოს; გააკეთოს საჯარო განცხადებები და დაგმოს ანტიოქიის საპატრიარქოს შეჭრის მცდელობები საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში: გაკეთდეს საგანგებო მიმართვები მსოფლიო პატრიარქის და სხვა პატრიარქებისადმი ანტიოქიის საპატრიარქოს არამეგობრული და უღირს ქმედებებზე.