ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში
Main Article Content
ანოტაცია
საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო, როგორც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში აღმოჩნდა მრავალი პრობლემების წინაშე, რაც მოითხოვდა სწრაფი გადაწყვეტილებების და რადიკალური რეფორმების გატარებას. ასეთ დროს სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო, ერთის მხრივ ბიზნეს საქმიანობისათვის ხელშეწყობა და მეორეს მხრივ ეკონომიკურად საჭირო სახელმწიფო რეგულირების განხორციელება ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.
თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგანაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მიუხედავად სხვა უამრავი ფაქტორისა, დიდია მისი გავლენა სარგებლის განაკვეთსა და ერთობლივ მოთხოვნაზე. ამას ადასტურებს ქეინსის ლიკვიდურობის უპირატესობის თეორია, რომლის მიხედვითაც სარგებლის განაკვეთს შეუძლია გააწონასწოროს ფულის მიწოდება და ფულზე მოთხოვნა. ამასთანავე ფისკალური პოლიტიკა ის ბერკეტია მთავრობის ხელში, რომლითაც მოკლევადიან პერიოდში შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს საქონლისა და მომსახურების ერთობლივ მოთხოვნაზე.
ქვეყანამ რთულად, მაგრამ მეტნაკლებად წარმატებით გაიარა რეფორმების პროცესი, რომლითაც მოწესრიგდა ქვეყნის საბიუჯეტო - საგადასახადო და ფულად საკრედიტო სისტემა. ამ ორი რეგულირების სისტემის ერთმანეთზე ურთიერთ ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ მათი არასწორად გამოყენება შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს და შემაფერხებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
2020-2021 წლებში მსოფლიოში გამძვინვარებულმა კორონა პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროცესში. აქედან გამომდინარე, სტატიის მიზანია გავაანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთ კოორდინაცია მაკროეკონომიკური პროცესების პოზიტიურად მართვისათვის, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.