საბუღალტრო აღრიცხვის სისტემების შესახებ (უძველესი ახლო აღმოსავლეთის ძეგლების მიხედვით)
Main Article Content
ანოტაცია
არქეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად, შრომაში პასუხი გაცემულია შემდეგ კითხვებზე: სად, როდის, რატომ და როგორ გაჩნდა და განვითარდა საბუღალტრო აღრიცხვის სისტემები, მათემატიკა, წერის ხელოვნება და დამწერლობა, რამაც გამოიწვია სოციალურ-ეკონომიკური რევოლუცია.
შრომაში განხილულია საბუღალტრო აღრიცხვის სისტემები, რომელიც ნეოლითის ხანიდან გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში. აღრიცხვა ხორციელდებოდა თიხის ფიგურა-სიმბოლოების, საანგარიშო კოჭების სისტემის მეშვეობით, რომლებიც რიცხვებსა და სხვადასხვა ტიპის საქონელს აღნიშნავდა. გარკვეულ პერიოდში ფიგურა-სიმბოლოები თიხის გუნდაზე მატყლის ბაწარზე ასხმული მაგრდებოდა ან ბურთისებური ყულაბების შიგნით იყრებოდა და ილუქებოდა. ზოგ შემთხვევაში ისინი თიხის ყულაბების გარეთა ზედაპირზე იბეჭდებოდა, რაც ყულაბებში მოთავსებული კოჭების, ანუ “პროტო-ფულადი ნიშნების” რაოდენობას აღრიცხავდა.
თიხის ყულაბების გარეთა ზედაპირზე ფიგურა-სიმბოლოების ბეჭდვის პროცესმა ჩამოაყალიბა ნახატ-ნიშნიანი, ხაზოვანი და ლურსმული დამწერლობები, რომლებიც ძვ.წ. 3500–2800 წლებში ჩნდება. ამ დამწერლობებითაა შესრულებული უამრავი თიხის ფირფიტა, რომელთა გაშიფრვით დასტურდება, რომ წერა საქონლის, ანუ შრომის პროდუქტის დათვლის პირდაპირი შედეგია და გამოიყენებოდა სამეურნეო-ადმინისტრაციული აღრიცხვა-ანგარიშგების შესაქმნელად.