რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე
Main Article Content
ანოტაცია
პოსტპანდემიურ ეტაპზე 2022-2023 წლებში მსოფლიო ეკონომიკა ახალი მძიმე გამოწვევების წინაშე დადგა, რადგანაც COVID-19 პანდემიით განპირობებულ ეკონომიკურ სტაგნაციასა და დეპრესიას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება დაემატა. მსოფლიო ცივილიზებულმა თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის შეკავების მიზნით მკაცრი სანქციები დააწესა, რაც იმავდროულად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის სირთულეები კიდევ მეტად გაამწვავა და კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ამასთან ერთად პოსტ-პანდემიურ გამოწვევებს გლობალური რეცესიის მახასიათებელი პრობლემებიც დაემატა- ფასებისა და ინფლაციის დონის ზრდა, ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნა, უმუშევრობა, ენერგეტიკული კრიზისი, უძრავი ქონების გაძვირება, მოსახლეობის მოწყვლადობის ზრდა და სხვა პრობლემები.
COVID-19 პანდემიის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ ზარალთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გლობალური ბიზნესისა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. ამასთან ერთად რუსეთ-უკრაინის მოულოდნელმა ომმა მსოფლიო ეკონომიკაში ბევრი გაურკვევლობა და განუსაზღვრელი რისკები წარმოშვა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება, როგორც განვითარებულ ასევე მოწყვლად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე და განვითარებაზე.
პოსტ-პანდემიური გამოწვევები და რუსეთ-უკრაინის ომი თუ ხანგრძლივად გაგრძელდება, მის დამარცხებას დიდი დრო და მილიარდობით ფინანსების მობილიზება დასჭირდება, რაც შესაბამისად მეტად გაამწვავებს გლობალური რეცესიის პროცესს, ამასთან მსოფლიო ფინანსური კრიზისი და დეპრესია ეჭვის ქვეშ დააყენებს ქვეყნების გადახდისუნარიანობასა და შედეგად მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნები ფინანსური კრიზისისა და დეფოლტის საფრთხის წინაშეც კი შესაძლებელია დადგნენ.