ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სოფლის ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
უდიდესი დამაზარალებელი ფაქტორი აღმოჩნდა 2020 წელს გავრცელებული COVID-19 და მასთან დაკავშირებული პანდემია ყველა სფეროსთვის. მან უმძიმესი ეკონომიკური გავლენა იქონია საერთაშორისო ტურიზმზე. 2020–2021 წლებში ტურიზმის ინდუსტრიამ დაკარგა ასობით მილიარდი დოლარი და მილიონობით სამუშაო ადგილი. კრიზისის დასაძლევად მრავალ ქვეყანაში გატარდა ანტიეპიდემიური ღონისძიებები, რომლებმაც დააჩქარა მსოფლიო ტურიზმის ტრანსფორმაცია, შედეგად გაიზარდა მოთხოვნა შიდა ტურიზმზე და სასოფლო ტურიზმზე. სტატიაში განხილულია კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული ის ცვლილებები, რომლებიც აღინიშნება საქართველოში ტურიზმის მიმართულებით: ა)მზარდი მოთხოვნილებები შიდა ტურიზმზე და სოფლის ტურიზმზე, ბ)ციფრული ტექნოლოგიების როლის ზრდა ტურიზმის (სოფლის ტურიზმის) დინამიურ განვითარებაში.
მსოფლიო ეკონომიკაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სექტორია სოფლის ტურიზმი და აგროტურისტული კომპლექსი, რომელიც ტურისტულ რეგიონებში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის დასაქმებას და შემოსავლების ზრდას. პანდემიის პერიოდში საქართველოში შიდა ტურიზმის მიმართულებით მომხმარებების გადაადგილებისა და სოფლის მონახულების შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა სრულფასოვანი საინფორმაციო სერვისის არქონა. ზოგადად, ტექნოლოგიურმა წინსვლამ, განსაკუთრებით კი ინტერნეტის ფართო გამოყენებამ, შექმნა ე.წ. ახალი ეკონომიკა და დიჯიტალიზაცია გახდა გლობალური ტენდენცია, რამაც თავისთავად გამოიწვია ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ტურისტულ ინდუსტრიაში. თანამედროვე ტურიზმი საჭიროებს დიჯიტალიზაციის პროცესების გაააქტიურებას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული პროდუქტების განვითარებას. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში ტურიზმის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების აქტიური შეღწევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას.