სამეგრელოს მიწისა და ტყის რესურსების კარტოგრაფირება
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომის მიზანია სამეგრელოს რეგიონის მიწისა და ტყის რესურსების კარტოგრაფირება გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები:
რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის რესურსების ტრანსფორმაციის შედარების, მიწის ფონდის შესახებ სტატისტიკური და თვით ავტორის მიერ ადგილზე მოპოვებული მონაცემების დამუშავებით მიღებული შედეგების საფუძველზე შექმნილია მიწის რესურსების სტრუქტურული სურათი, რომელიც ნათელ წარმოდგენას იძლევა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გადანაწილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მასალის განზოგადებისა და სივრცობრივი სხვადასხვაობი წარმოდგენის შედეგად ავტორმა შეიმუშავა სამეგრელოს ძირითადი ნიადაგური რესურსების გეოინფორმაციული რუკა, რომელიც ამომწურავად გამოხატავს აქ მიწის რესურსების გეოგრაფიული განაწილების სირთულეს. ასევე, ემპირიული დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შევადგინეთ სამეგრელოს სოფლის მეურნეობის გეოინფორმაციული რუკა, სადაც ნათლად ჩანს სოფლის მეურნეობის დარგების გავრცელების ზონები რეგიონის ტერიტორიაზე.
ტყეების კარტოგრაფირების, განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, ავტორის მიერ შემუშავებულია რეგიონის სატყეო მეურნეობების სტატისტიკური, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომლებიც ნათლად ასახულია ნაშრომში. აქვე შესრულებულია გასული საუკუნის 80–იანი წლებისა და ამჟამად არსებული ტყის ფონდის მასალების შედარებითი ანალიზი. ტყის რესურსების შესახებ მოპოვებული დაკვირვებების, ემპირიული მასალების მოპოვება – ანალიზისა და მონაცემთა ბაზების გამოყენებით შედგენილია სამეგრელოს ტყის რესურსების პოტენციალის თანამედროვე გეოინფორმაციული რუკა, რომელშიც ნათლად ჩანს ტყის გავრცელების ფართობები უკანასკნელ წლებში.